საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის
ქვემო ქართლში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
მარნეულში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს.
შეხვედრას მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი ესწრებოდნენ.
აგროთანადაფინანსების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.
სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება.
განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.