მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, ზ.დ. 700-800 მ სიმაღლემდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია. პირველადი ბუნებრივი მცენარეულობა აქ თითქმის აღარ არსებობს და მხოლოდ მისი დერივატებია ცალკეული კუნძულების სახით შემორჩენილი. ბრტყელი ზედაპირის მქონე რელიეფზე, ალაგ-ალაგ ლაქების სახით, ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა გავრცელებული, ასევე, ვაკე ადგილებში და ფერდობებზე გვხვდება სტეპისა და ჰემიქსეროფილური ტყე-ბუჩქნარების ფორმაციები. მდინარეთა კალაპოტების გასწვრივ ვიწრო ზოლის სახით წარმოდგენილია ჭალის ტყის დერივატები.
ნახევარუდაბნოს მცენარეულობის მეორადი ფორმაციები მარნეულის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. აქ გვხვდება: ყარღანიანი (Salsola dendroides), შორაქნიანი (Limonium meyeri), ჭანგიანი (Elytrigia repens), ხვარხვარიანი (Petrosimonia brachiata), ყარღანიან-ეკალცეცხლიანი (Salsola dendroides+Alhagi pseudoalhagi), ყარღანიან-აბზინდიანი (S. dendroides + Artemisi), ყარღანიან-შორაქნიანი (S. dendroides + Limonium meyeri), წმინდა აბზინდიანი (Artemisia fragrans), აბზინდიან-უროიანი (A. fragrans + Bothriochloa + Kochia prostrate) ასოციაციების სახით. ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ძირითადად, ზამთრის საძოვრებად გამოიყენება და მთლიანად დეგრადირებული, გაღარიბებული და დასარევლიანებულია. ამ ცენოზებში ნაკლებად მონაწილეობს დამკორდებელი მცენარეები, რის გამოც მცენარეულობა ვეღარ უზრუნველყოფს ნიადაგის დაცვას, ნიადაგის ზედაპირი ადვილად იშლება და პროცესი თანდათანობით შეუქცევადი ხდება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზ.დ. 200-750 მ-მდე ფართოდ გავრცელებულია მეორადი უროიანი სტეპები: უროიან-ძირტკბილიანი (Bothriochloa ischaemum + gliycyrhiza glabra), უროიან-კლანჭიანი (B. ischaemum + Onobrichis kachetica), უროიან-იონჯიანი (B. ischaemum + Medicago coerulea), უროიან-ნაირბალახოვანი (B. ischaemum + mixtoherbosa), უროიან-ძეძვიანი (B. ischaemum – Paliurus spina – Christi), უროიან-ვაციწვერიანი (Bothriochloeta + stiposa) ტიპებით, როლებშიც მეტ-ნაკლებად არის გამოხატული ნიადაგის დეგრადაციის პროცესი. ამის მთავარი მიზეზი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ უროს კორდები, როგორც წესი, ერთმანეთისგან გარკვეული მანძილით არის დაშორებული და მათ შორის გავრცელებული მაღალი კვებითი ღირებულების ნაირბალახები მუდმივად ძოვების მაღალ პრესს განიცდის. გავრცელებულია აგრეთვე მეორადი უროიან-აბზინდიანი სტეპი, რომელშიც აბზინდა (Artemisia fragrans) და ურო (Bothriochloa ischaemum) საკმაოდ მნიშვნელოვან ფართობებზე თანადომინანტობით ქმნის ცენოზებს. ამ ცენოზებში ბალახნარის სტრუქტურა და ფლორისტული სპექტრის შემადგენლობაც სტეპისა და ნახევარუდაბნოსათვის დამახასიათებელი სახეობებით არის შექმნილი (მარცვლოვნები – Poa bulbosa v. vivipara, Aegilops cylindrical, Cynodon dactylon, Agropyron pectinatum, Sorghu halepense, Lolium rigidum, Bromus japonicus, Setaria viridis; იონჯას სახეობები – Medicago caerulea, M. sativa, M. minima, M. rigidula, M. orbicularis; ჯვაროსნები – Chorispora fenella, Ch. iberica;; რთულყვავილოვნებიდან – Anthemis candidissima, Centaurea ovina, Stizolopus coronopifolius და სხვა. უროიან-აბზინდიანი სტეპი ძირითადად საძოვრებად არის გამოყენებული, რის გამოც სხვადასხვა ხარისხით არის დეგრადირებული და დასარევლიანებული. მდინარეების დებედას და შულავრის წყალშუეთის ზემო წელში, მნიშვნელოვან ფართობებზე წარმოდგენილია ჯაგეკლიანი სტეპი, რომლის მცენარეულობა მთლიანად ნატყევარ ადგილებშია განვითარებული. ამ ტიპის სტეპის დომინანტებია ძეძვი (Paliurus spina-christi) და სტეპის მარცვლოვანი სახეობები (Bothriochloa ischaemum, Festuca ovina, Stipa pulcherrima). აქა-იქ შემორჩენილია მინდვრის ნეკერჩხლისა (Acer campestre) და აკაკის Celtis caucasica) ერთეული ინდივიდები. ჯაგეკლიანი სტეპები საძოვრად არის გამოყენებული და აშკარად გამოსახულია სასაძოვრე დეგრესია. ნიადაგის ზედაპირის ნაყოფიერი ფენა გადარეცხილი და ღორღიანია.
მთისწინეთის გორაკ-ბორცვიან ზოლში ზ.დ. 500-900 მ ფარგლებში გავრცელებულია შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური ბუჩქნარებისა და ჯაგრცხილნარ-მუხნარების მცენარეულობა. შიბლიაკის ტიპის ჰემიქსეროფილური შერეული ბუჩქნარი (Mixtofruticeta – typus shibliak) ტყეების გაჩეხვის შედეგადაა წარმოქმნილი და მის ძირითად ბირთვს ქმნის - ძეძვი (Paliurus spina-christi), თრიმლი (Cotinus coggygria), გრაკლი (Spiraea hypericifolia), ცხრატყავა (Lonicera iberica), წითელი კუნელი (Crataegus curvisepala), კოწახური (Berberis vulgaris) და სხვა. ამ ტიპის დაჯგუფებები ტყე-ბუჩქნარების მცენარეულობის ქვედა ვერტიკალურ საფეხურზეა განვითარებული და არცთუ იშვიათად ჯაგრცხილნარ-მუხნარებთან, უროიან-ცხვრისწივანიან სტეპებთან და მდელო-სტეპის მცენარეულობასთან კომპლექსშია წარმოდგენილი. კლდოვან ფერდობებზე და ძირითადი ქანების გამოფიტულ ქერქზე განვითარებულია შიბლიაკის, შედარებით ქსეროფილური ვარიანტი, ფლოროცენოტიპი, სადაც ნიადაგის საფარი საკმაოდ დეგრადირებულია. ამ სახის შიბლიაკის დაჯგუფებებს ქმნის: შავჯაგა (Rhamnus pallasii), უძრახელა (Caragana grandiflora), ხორცისფერა (Atraphaxis spinosa), ცხენისმუხლა (Ephedera procera) და სხვა. უფრო ზემოთ (ზ.დ. 700-1,000 მ სიმაღლეზე) განვითარებულია ჯაგრცხილნარ-მუხნარის (Querqus iberica – Carpinus orientalis) მეორადი ტყე, რომლის შექმნაშიც ასევე მონაწილეობს: კვიდო (Ligustrum vulgare), წითელი კუნელი (Crategus curvisepala), შინდანწლა (Swida australis), მეჭეჭიანი ჭანჭყატი (Euonymus verrucosa) და სხვა.
ზ.დ. 900-1,200 მ სიმაღლეზე ტყის მცენარეულობა ძირითადად სხვადასხვა ხარისხით დეგრადირებული მუხნარებით (Querceta ibaricae) არის წარმოდგენილი, სადაც მისი საბურველის შექმნაში ასევე მონაწილეობს რცხილა (Carpinus betulus), იფანი (Fraxinus excelsior), პანტა (Pyrus caucasicus), ბალამწარა (Cerasus sylvestris), ქორაფი (Acer laetum), ლეკა (Acer platanoides) და სხვა. ქვეტყეში წამყვანი მნიშვნელობა აქვს კუნელს (Crataegus microphylla), ზღმარტლს (Mespilus germanica), კვრინჩხს (Prunuspinosa), ტაბლაყურას (Euonymus latifolia), კვიდოს (Ligustrum vulgare) და სხვა. მუხნარი ტყის რეგენერაცია სუსტად მიმდინარეობს, რადგან ანთროპოგენური ფაქტორის გავლენა ძლიერია (პირუტყვის უსისტემო ძოვება, ტყის ჭრა და სხვა). უფრო მაღლა - ზ.დ. 1,200-1,500 მ-ზე გავრცელებულია შედარებით ნაკლებად სახეცვლილი რცხილნარ-მუხნარი ტყე (Querqus iberica + Carpinus betulus), ხოლო მდ. შულავრის სათავეებში 1,500-1,800 მ. ფარგლებში რცხილნარ-წიფლნარისა (Fagus orientalis + Carpinus betulus) და ალაგ-ალაგ წიფლნარის (Fageta) კორომებია წარმოდგენილი. ზ.დ. 1,800 მ-ზე მაღლა სუბალპური ფართოფოთლოვან-ნაირბალახოვანი (Latifoliomixtoherbosa) და ნაირბალახოვან-მარცვლოვანი (Gramineta mixtoherbosa) მდელოების მოდიფიკაციებია გავრცელებული, რომლებიც, მეტწილად, საძოვრებად და ნაწილობრივ სათიბებად არის გამოყენებული.
მდ.-ების ხრამის, ალგეთის, დებედას და მათი შენაკადების ხეობების ძირზე ალაგ-ალაგ ცალკეული უბნების სახით შემორჩენილია ძლიერ დეგრადირებილი ჭალის ტყის დერივატები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს: ჭალის მუხა (Querqus pedunculiflora), კაკალი (Juglans regia), პატარა თელადუმა (Ulmus minor), ოფი (Populus nigra), ხვალო (Populus canescens), წნორი (Salix alba), ფშატა ტირიფი (Salix wilhelmsiana); ლიანებიდან - ეკალღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სურო (Hedera helix), ჯიქა (Lonicera caprifolium) და სხვა. წარსულში ჭალის ტყეები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს - ნიადაგის ეროზიისგან დაცვის თვალსაზრისით. ამჟამად, მათი დიდი ნაწილი გაჩეხილია და, შესაბამისად, ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ფუნქცია ამ ტყეებს თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს.