საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ღონისძიება - „კავკასიის ორი დამოუკიდებელი ხმა“
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მარნეულის აზერბაიჯანული სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით, აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას - „კავკასიის ორი დამოუკიდებელი ხმა“ დაესწრო, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნა.
ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა და წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური და ფოლკლორული ნომრები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და აზერბაიჯანული სახლის დირექტორმა მაჰაბატ იმანოვმა მიმართეს.
გამომსვლელებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა, რომ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეების ერთობლივი აღნიშვნა საერთო ისტორიის, ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური კავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
ღონისძიებას ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.