საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, მინისტრთან, მინისტრის მოადგილე ბათუ გურჯიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ გიორგი შონიასთან, მერის პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტში წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას და ხელს შეუწყობს ეკოსისტემის დაცვას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.
ოფიციალური პირები იმ ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქ მარნეულში ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ადგილზე განიხილეს პროექტის დეტალები და მისი განხორციელების მნიშვნელობა მუნიციპალიტეტისთვის.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად სტუმრები გაეცნენ სოფელ იმირში №1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესსაც. 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო სივრცეებითა და სპორტული ინფრასტრუქტურით. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.4 მილიონი ლარით ფინანსდება.
მოინახულეს სოფელ არაფლოში მიმდინარე საჯარო სკოლის მშენებლობა. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა განკუთვნილია დაწყებითი საფეხურისთვის და სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2.7 მილიონ ლარს აღემატება.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე დაათვალიერა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიური ძეგლი „გადაჭრილი გორა“, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.