საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა ბოლნისის მუზეუმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან ერთად, ბოლნისის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, თეა ონიანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე თეა ონიანმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და სერვისები გააცნო, რომლებსაც სააგენტო საზოგადოებას სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე.
საუბარი შეეხო მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში სააგენტოს ჩართულობის მნიშვნელობასაც, რათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში შეუსაბამო მშენებლობების განხორციელების რისკი თავიდან იქნას აცილებული.
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ქვემო ქართლის რეგიონის მუზეუმების განვითარების კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც რეგიონში არსებული მუზეუმებისა და არქეოლოგიური ობიექტების მიმდებარე სივრცეების განვითარებას და მათ ტურისტულად უფრო მიმზიდველ გარემოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ბოლნისის გერმანული უბანი დაათვალიერეს.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.