საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია ხელმძღვანელობდნენ.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე პროცესები, მათ შორის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი ჩამოყალიბება ქვემო ქართლში.
ასევე, განხილული იყო „კარიბჭის გადასახადის“ მოდელი და ტარიფების დათვლის ერთიანი მეთოდოლოგია, რომელიც მომავალში მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ხარჯების უფრო ეფექტიანად ადმინისტრირებაში დაეხმარება.
შეხვედრაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად, მხარის მუნიციპალიტეტების მერებიც მონაწილეობდნენ. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იღებდნენ მონაწილეობას.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების მშენებარე ობიექტი, გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს და შეაფასეს არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები.