მარნეულს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესტუმრნენ და მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების სამშენებლო პროცესი დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით; ქალაქ მარნეულის №2, სოფელ წერეთლის და სოფელ შულავერის მშენებარე საბავშვო ბაღებს მოიცავს. თითოეული საბავშვო ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი, რომლის მშენებლობა ,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
საბავშვო ბაღების ეზოებში მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურვას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
კომიტეტის წევრები ასევე ეწვივნენ სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლას.
კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს: მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულისა და გარდაბნის დელეგატმა, ზაურ დარგალმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, გიორგი დოხტურიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ.