მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა
ცენტრალური სტადიონი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თვითმმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღავნელ პირებთან, მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
ახალი სტადიონი 2000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს. სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალი საფეხბურთო სტადიონი როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე რეგიონში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და უმასპინძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ტურნირებს.
სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.