საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი მარნეულში

02 მაი, 2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ კენან ომაროვთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მეურნეობა დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

სოფელ დიდ მუღანლოში შპს „მწვანე სახლმა”, 2021 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 11 ჰა ნუშის ბაღი გააშენა. სახელმწიფოს თანადაფინანსება, 75 000-მდე ლარია. რაც შეეხება საწარმოს, 2023 წლის ბოლოს ამოქმედდა, მისი შექმნისთვის კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ისარგებლა, სესხის ოდენობამ 500 000 ლარი შეადგინა. საწარმო, რომელსაც წელიწადში 100 ტონა ნუშის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, 11 ადგილობრივს ასაქმებს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თამაზ მღებრიშვილთან ერთად, ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი ახლად რეაბილიტირებული წყალგამანაწილებელი დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები, 2700 მეტრი სიგრძის საექსპლუატაციო გზა, სამანქანე და საფეხმავლო ხიდები.

პროექტის განხორციელების შედეგად, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია.

შეხვედრას, ასევე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები