მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული უძღვებოდა.
სხდომაზე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
კომიტეტის სხდომა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასში კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ადგილობრივ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ფერმერების წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.