საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

წერაქვის სამონასტრო კომპლექსი — XII—XIII სს-ის ქართული კულტურული ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავერის მარცხენა მხარეზე, სოფელ წერაქვთან. მასში შედის XII—XIII სს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიანი დარბაზული ეკლესია (კედელზე XV საუკუნის ლაპიდარული წარწერით), შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი და გალავანი. კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს ბერ-მონაზვნური ცხოვრება.


გაგის ციხე

გაგის ციხე მდებარეობს სოფელ კუშჩუში. იგი ისტორიულ წყაროებში მოხსენებული არის მე-11 საუკუნიდან, მაგრამ ციხის კედლები მოწმობს, რომ იგი გაცილებით (ადრეული ბრინჯაოს ხანა) ძველია. ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე. აგებული იყო ველზე ამართულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც საცხოვრებლად გამოყენებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან. გაგის ციხე საქართველოს სახელმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთში და იცავდა თბილისის მისადგომებს.