სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო დარგის ხელშეწყობის მიზნით დაწყებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრი მოინახულა, სადაც მოისმინა ინფორმაცია - მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მესამე ეტაპისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზების შესახებ.
ოთარ დანელიამ მარნეულში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა და მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა, სადაც ასევე შეხვდა საწარმოებში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას.
მინისტრი, ოთარ დანელია, მარნეულის მუნიციპალიტეტში დებედას არხის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო.
მარნეულის შემდეგ მინისტრი ბოლნისში გაემგზავრა, სადაც ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები განიხილეს.