მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის ფაქტი დაფიქსირდა.
მოწამლულები მარნეულის ორ, ასევე რუსთავის, ბოლნისისა და თბილისის კლინიკებში მოათავსეს, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურია.
წუხელ გვიან ღამით მოწამლულები მარნეულში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ.
საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო, სააგენტოს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, აიღეს სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები.
ამ დროისთვის ბიზნეოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება მიმდინარეობს. სურსათის ლაბორატორიული კვლევისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
გამგებელი მერებ თოფჩიშვილი მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად დღეს დილიდან კვლავ იმყოფებოდა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გაესაუბრა მედ პერსონალს და პაციენტების ოჯახის წევრებს.
ამ დროის მონაცემებით საავადმყოფოდან პაციენტები ეტაპობრივად ეწერებიან.