მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

23 მარ 2020
 

მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს‼️

ამ დროისათვის, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი, თუმცა კარანტინში იმყოფება 3254. მოგეხსენებათ, 21 მარტს, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა, ეს გახლავთ ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში გვყავს ერთი ინფიცირებული ადამიანი და მისი ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს გახლავთ ზუსტად ის შემთხვევა, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ დღეს ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვუწოდებდით გავრცელების ახალ, შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებულნი, სინამდვილეში, დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად. ყველა ამ მომზადების მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელშიც მოთავსებული იყო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე.

„კლინიკა, დღეის მდგომარეობით, არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, „ავერსის კლინიკა“ მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და უზრუნველყოფს, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ნაბიჯების ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ის გაატარებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებასა და სამოქალაქო თვითშეგნებაზე.

„ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის, ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე, როგორც სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, სხვა მედიასაშუალებებისთვის კი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„რა თქმა უნდა, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, ხაზგასმით ვამბობ - ადგილობრივი. სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საშუალებით და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეყოლება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას სრულად უზრუნველყოფს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

„პრემიერის აპარატის და მთავრობის სახელით ამ მიმართულებას დღეს კურირებს ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ასევე შეასრულებს კოორდინაციის ფუნქციასაც,“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება და ჯანდაცვის ორგანოები, მუნიციპალიტეტებში დაიწყებენ კარდაკარ სიარულს შესაძლო ინფიცირებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.

„ხვალ დილიდან მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ, ფაქტობრივად, ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანი, რათა მათ ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფი რეაგირებისა და მკურნალობისათვის, ისევე როგორც, ამ ადამიანებს აქვთ დავალებული რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, იქნება ეს საკვები პროდუქტი, სამედიცინო თუ ა.შ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ გამოწვევის მაქსიმალურად სწრაფად დასაძლევად.

„ხვალ დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტები და ჯანდაცვის ორგანოები, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და ამ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავების ვალდებულება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად და, პირველ რიგში, ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად მსუბუქად და სწრაფად გადავიაროთ და გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები, ან თამამები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს.

„ჩვენ, უკვე, რამდენიმე დღეა, დაახლოებით ერთი კვირაა ვამბობთ და ვცდილობთ, გავაფრთხილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქე, რომ როდესაც ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე, ვსაუბრობთ სახელმწიფოს იმ შეზღუდულ რესურსზე, უბრალოდ სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების წყარო, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები, ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩვენს გვერდზე მდგომი ჩვენი ოჯახის წევრის, მეზობლის, ჩვენი თანამოქალაქის, კოლეგის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ჯანმრთელობასა და მომავალზე,“ - აღნიშნა პრემიერმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 581
 
 
 
განცხადებები
ივნ 02 სამ 2020
418
აპრ 25 შბ 2020
428
აპრ 23 ხუთ 2020
445
აპრ 24 პარ 2020
486
აპრ 06 ორშ 2020
550
მარ 30 ორშ 2020
569
მარ 23 ორშ 2020
581
მარ 23 ორშ 2020
582
მარ 23 ორშ 2020
656
მარ 20 პარ 2020
594
მარ 17 სამ 2020
592
მარ 17 სამ 2020
594
მარ 10 სამ 2020
921
აპრ 15 ორშ 2019
1615
აპრ 01 ორშ 2019
1659
იან 17 ხუთ 2019
1805
დეკ 19 ოთხ 2018
2085
ნოემ 02 პარ 2018
1997
სექ 14 პარ 2018
2556
სექ 07 პარ 2018
2215
აგვ 27 ორშ 2018
2231
აგვ 17 პარ 2018
2109
ივლ 04 ოთხ 2018
2281
მარ 23 პარ 2018
2650
 
     
    სიახლეები
    2020 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930