მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მარნეულში „კიდევაც დაიზრდებიან“ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა
30 ოქტ 2018
 

ქალაქ მარნეულში, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე დიზაინის სკვერი მოწყობის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოები განხორციელდება ორ ეტაპად, რისთვისაც გამოცხადებულია ტენდერი.

მოგეხსენებათ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია მონუმენტური ძეგლი (ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი) „კიდევაც დაიზრდებიან“ შესრულებულია 1975 წელს და მიძღვნილია მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული მეომრებისადმი. იგი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სკულპტურული მემორიალია და ქართული ქანდაკების თვალსაჩინო ნამუშევარს წარმოადგენს, ამიტომაც მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

საპროექტო ტერიტორია თავიდანვე ჩაფიქრებული და გამიზნული იყო მხოლოდ სკულპტურული კომპლექსის მოსაწყობად, ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი პარკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პარკის მოსაწყობად მარნეულის მერიის მხრიდან, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, შერჩეულ იქნა აღნიშნული ადგილი, რადგან მათთვის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხს დასასვენებელი ადგილის მოწყობა წარმოადგენს, სადაც მარნეულელებს შეეძლებათ ოჯახებთან ერთად დასვნება და განტვირთვა.

პროექტის ფარგლებში მონუმენტური ძეგლი გახდება საპროექტო პარკის ერთ-ერთი დომინანტი ნაწილი, რომლის არსებულ ამორტიზირებულ და დაზიანებულ არქიტექტურულ ელემენტებს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და ვინაიდან ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მისი არსებული მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიცია არ შეიცვლება. აღდგენილ იქნება ძეგლის პოსტამენტზე ჩამოცვენილი შავი მარმარილოს ფილები. თვითონ ძირითად სკულპტურულ კომპოზიციას, რომელიც დამზადებულია ბრინჯაოს მასალით, ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოცდილი მოქანდაკის მეთვალყურეობის ქვეშ, ძეგლი გაირეცხება, გაიწმინდება საფუძვლიანად, ძეგლის ბრინჯაოს ფიგურული კომპოზიცია დამუშავდება ნატრიუმ ჟანგის (სელენი) მჟავით და ბოლოს ძეგლს ჩაუტარდება მხატვრული (ხელით მოზუმფარება, ან გახეხვა) ტონირებით დამუშავება.

უშუალოდ ძეგლის მიმდებარედ სიმეტრიულად განთავსებული ცენტრალური კიბე და ბაქნები,რომელიც მოპირკეთებულია ბაზალტის მასიური ქვებითა და ფილებით ამ ეტაპზე არის დაზიანებული ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით მოხდება აღნიშნული ფილების სრული დემონტაჟი და ხელახალი დაგება.

აღსანიშნავია, რომ პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა განვითარდება მონუმენტური ძეგლის ოთხივე მიმართულებით. ძირითადად მოეწყობა სამი ზონა ესენია: საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებითა,თავისი გასართობი სათამაშო ატრაქციონებით და ღია სპორტული ტრენაჟორებით. ძეგლის უკანა მხარეს დასასვენებელ-სარეკრეაციო ზონა, შემეცნებით-სადღესასწაულო ზონა, სადაც მოეწყობა ღია ამფითეატრი და შესაძლებლობა იქნება გაიმართოს შემეცნებითი ტიპის სემინარები და სადღესასწაულო წარმოდგენები, ხოლო ტერიტორიაზე მდებარე ფერდობებზე განთავსდება საფეხმავლო ბილიკები.

პროექტის მიხედვით, ძეგლის დასავლეთ მხარეს (საბავშვო-საპარკო ზონაში) მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც კომპოზიციურად ოვალურ-რკალური ფორმის იქნება. პარკის ძირითადი პერიმეტრის გასწვრივ (ცირკულაციურად), მოეწყობა ასფალტის საფარიანი ველო და პანდუს-ბილიკი. ველო და პანდუს-ბილიკები გაივლის სამივე ზონას და სპორტული აქტივობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ცირკულაციურად (ისე, რომ არ მოხვდნენ ცენტრალური გზის სიახლოვეს) იმოძრაონ ძეგლის გარშემო მდებარე ყველა ძირითად ნაწილში. პანდუს-ბილიკის მეშვეობით შ.შ.მ. პირებს, ტერიტორიის რელიეფურობის მიუხედავად, შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ სკვერის ნებისმიერ ზონაში და ასევე შეუფერხებლად მოხვდნენ ძირითადი მონუმენტის ბაქნებზე. გაკეთდება სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნები ფეხით მოსიარულე დამსვენებლებისთვის.

საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფილებისგან (ევროსტანდარტის შესაბამისად), ხოლო სარბენ ბილიკსა და ველო ბილიკზე მოეწყობა ასფალტის საფარი. სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე დაიგება კაუჩუკის ფილები. ღია ამფითეატრის ბაქანზე დაიგება ბეტონის დეკორატიული ფილები ხოლო სათადარიგო საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფილებით. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკებისა და სათადარიგო ბილიკის გასწვრივ მოეწყობა დასაჯდომი სკამები, ღამის განათების ლამპიონები და სანაგვე ურნები, ასევე მოხდება ძეგლის განათება თანამედროვე სანათების სისტემით.

სკვერის ცენტრალური ბაქნისა და ამფითეატრის უზრუნველყოფილი იქნება WI–FI-ის სისტემით, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო სისტემა

პროექტი ასევე, ითვალისწინებს წარწერების მონატაჟს „კიდევაც დაიზრდებიან“-ის ტერიტორიის შესასვლელის მიმდებარედ და წარწერას „მე მიყვარს მარნეული“, რომელშიც დამონტაჟდება სანათები ღამის განათებისთვის, რაც თავისებურ სილამაზეს შესძენს სკვერს.

აღსანიშნავია, რომ სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოპარკინგი მსუბუქი ავტომანქანებისა და ავტობუსებისთვის, ასევე განთავსდება საზოგადოებრივი ტუალეტი მამაკაცების, ქალებისა და შ.შ.მ. პირებისათვის.

ტერიტორიის დაცვის მიზნით, სკვერის გარშემო მოეწყობა ლითონის დგარებისგან შესრულებული დეკორატიული ღობის მოწყობა,რომელიც შესრულებულ იქნება მხატვრული ჭედურობის ელემენტებით ასევე, ავტოსადგომის ორ უკიდურეს კიდეში მოეწყობა ელექტროფიცირებული შლაგბაუმები.

ტერიტორიაზე დაირგვება ახალი, სხვადასხვა ტიპის ნარგავები, აქედან გამომდინარე მოეწყობა სარწყავი სისტემა სწრაფი დაერთების ადგილებით.

აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 659 314 ლარი, ხოლო მეორე ეტაპისთვის 472 365 ლარია გამოყოფილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8635
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4784
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031